კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

აქციოს სამი გავლენის ინვესტორი ჰყავს

ნიკოლოზ ალავიძე "აქციოს" პირველი კერძო გავლენის ინვესტორია, რომელიც აქციოს მხარდამჭერი დაფუძნებიდანვე გახდა.

ოფიციალურად პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი CSRDG-ს აღმასრულებელ დირექტორს ეკა ურუშაძესა და ნიკოლოზ ალავიძეს შორის რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი.

თანამშრომლობის ფარგლებში, ნიკოლოზი შემდგომი 5 წლის მანძილზე აქციოში 25 000$-ის ინვესტიციას განახორციელებს და შედეგად 10 სოციალური საწარმოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გავლენის ფონდი CSRDG-მ ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის - EVPA მხარდაჭერით 2022 წელს დააფუძნა, პროექტის #Collaborate4Impact ფარგლებში. 

 

ვრცლად გავლენის ინვესტორის შესახებ

 

ნიკოლოზ ალავიძე 23 წელზე მეტია მოღვაწეობს საბანკო, საფინანსო, საერთაშორისო ვაჭრობის ფინანსების, საკონსულტაციო და მართვის სფეროებში. 2019 წელს ნიკოლოზი იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრის მოადგილის პოზიციას.

ამჟამად ის არის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი. ასევე,  ნიკოლოზი უძრავი ქონებისა და ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიებში მოქმედი რამდენიმე კომპანიის მმართველი პარტნიორია.

ნიკოლოზი არის გავლენის მქონე ინვესტიციებზე ორიენტირებული მეწარმე და ანგელოზი ინვესტორი. მისმა ერთ-ერთმა პროექტმა, Altitude 3014, რომელიც ორ პარტნიორთან ერთად 2016 წელს წამოიწყო, საერთაშორისო აღიარება და საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “მელიორას” გრანპრი მოიპოვა ყველაზე პასუხისმგებელი მცირე და საშუალო ბიზნესი ნომინაციაში (2019). 2022 წლიდან ნიკოლოზი “აქციოს” პირველი კერძო გავლენის ინვესტორია.